საქართველოს პირველმა არხმა 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად ნინი თიბილაშვილი დაასახელა [ვიდეო]
21:02, 31.12.2021
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი დაასახელა. ის ოლიმპიადის პრიზიორი, პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი.
გამარჯვებულს პრიზი საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა.
„მე მგონია, რომ ამაზე კარგი სიურპრიზი არ ყოფილა ჩვენთვისაც არაფერი. პირადად ჩემთვის პარალიმპიადა დაიწყო აღელვებით. ჩვენი ქართველი სპორტსმენების გამოსვლას არ ჩაუვლია მღელვარების გარეშე. მგონია, რომ ნინი თიბილაშვილი არის ნამდვილი ვარსკვლავი, ჩვენი ქვეყნის სიამაყე. სადაც არის ჩვენი ქვეყანა – საქართველო, იქ არის საქართველოს პირველი არხი და იქ არის ახლა ნინო. 65 წლის იუბილე აქვს ტელევიზიას და მგონია, რომ ძალიან საპატიო ჯილდოა ჩვენგან. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ნინი თიბილაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველ არხს ჯილდოსთვის.
„უღრმესი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ ყოველთვის და იზიარებთ ჩვენს წარმატებას. ძალიან დადებითი მესიჯები მომდის და მიხარია, რომ შეიძლება იყო მაგალითი. ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანია სახლში და უბრალოდ, ვერ ბედავს გამოსვლას. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის კარგვაა. ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არა ჩემი მდგომარეობა, შეიძლება, ასეთი არ ვყოფილიყავი პიროვნულად და ასეთი შანსი არ მქონოდა ცხოვრებაში“, – განაცხადა ნინი თიბილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად სწორედ საქართველოს პირველმა არხმა გააშუქა პარალიმპიადა.
„ძალიან სპორტული და ცხელი წელი გვქონდა, განსაკუთრებულად ეს ოლიმპიური წელი და განსაკუთრებით პარალიმპიადა. ეს იყო პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევძელით ამ ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი პარაფესტივალის ჩვენება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ გვყავდა ძალიან ბევრი მაყურებელი და ის უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ, იყო ძალიან დადებითი. მგონია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.