საქართველოს დღეს პირველად ესტუმრება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ.
უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ ლევან იზორია და ავიგდორ ლიბერმანი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.