საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტური ესსეების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტური ესსეების კონკურსს აცხადებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკის თემატიკაზე.
კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიმართეს.
ესსეების კონკურსის თემატიკას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს და ნამუშევარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროს, კონკრეტულ მოვლენას ან/და პიროვნებას უნდა შეეხებოდეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. საკონკურსო ნამუშევრის მოცულობა 800-1000 სიტყვაა. წარდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა – 11, დაშორება – 1,5. კონკურსის მონაწილე სტუდენტმა ნაშრომს უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც სწავლობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია, სამ საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი მედია საშუალებების ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.
ასევე საუკეთესო ესსეების ავტორები სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან. გამარჯვებულებს 24 მაისს დააჯილდოებენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ესსეები უნდა გადაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე – [email protected]. ნამუშევრები 2018 წლის 18 მაისის ჩათვლით მიიღება.