საქართველოს პირველი არხის განცხადება ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) და მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის უტყუარ ფაქტებს.
საქართველოს პირველი არხი 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა უწყვეტი ეთერით – როგორც სატელევიზიო, რადიო, ასევე ონლაინპლატფორმაზე (www.1tv.ge). მაყურებელს აწვდიდა ჟურნალისტური სტანდარტის სრული დაცვით მომზადებულ, ფაქტებზე დამყარებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე გადამღები ჯგუფი, რომლებსაც, მიუხედავად ქვების სროლისა, წყლის ჭავლისა და დაზიანებული ტექნიკისა, არც ერთი წამით არ შეუწყვეტიათ მაუწყებლობა, რათა პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებისთვის სრული და რეალური სურათი მიეწოდებინათ.
გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ ის ზემოქმედება, რასაც 8 ნოემბრის აქციის მიმდინარეობისას მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. ნათელია, რომ მისი უსაფუძვლო მძიმე ბრალდებები და საუბრის ტონი მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაშინებასა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
ასევე მუქარის კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკის განცხადება, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყდება, საერთოდ უნდა გააგრძელოს თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფუნქციონირება. მსგავსი კამპანიები, როგორც წესი, იწყება მაშინ, როცა პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჟურნალისტების მხრიდან მათთვის დასმული კითხვები და მომზადებული რეპორტაჟები. რასაკვირველია, ესეც, ისევ და ისევ, ჟურნალისტების დაშინებასა და დამორჩილებას ისახავს მიზნად.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ დემოკრატიულ ინსტიტუციას, მისი ფუნქციონირება მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით. პირველი არხის მისიიდან გამომდინარე, მისი სარედაქციო პოლიტიკა ვერასოდეს იქნება ვითარების ესკალაციის ხელშემწყობი – იგი მუდამ დაიცავს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს და გაშუქების უმთავრეს პრინციპებს: სიზუსტე, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ვაწვდით რეალურ ინფორმაციას და არა რომელიღაც პარტიული პლატფორმიდან დანახულ სურათს.
სამწუხაროდ, დღეს ქართული მედია მნიშვნელოვნად განიცდის პოლიტიკურ გავლენებს, მკვეთრად პოლარიზებულია და ამ რეალობიდან გამომდინარე, ზოგიერთი პარტიისთვის მიუღებელია მათი გავლენისგან თავისუფალი მედიის არსებობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების კამპანია, რათა მორალურად დაიქვემდებარონ ჟურნალისტები და შექმნან მათთვის სასურველი საინფორმაციო ველი.
ასევე გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ სახალხო დამცველი არ იმჩნევს და არ რეაგირებს ჩვენი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს.
სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, რომლის განხორციელებასაც დაშინებული ჟურნალისტები ვერ მოახერხებენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლომდე დაიცავს მისი ჟურნალისტების დამოუკიდებლობას ყოველგვარი ზემოქმედებისაგან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ამ ძალისხმევას საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს დაუჭერენ.