საქართველოს პირველი არხის შენობის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 30-მდე დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე.
ვასილ მაღლაფერიძემ და ნოდარ ჭიჭინაძემ დედაქალაქის მერსა და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დეველოპერებს გააცნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული შენობისა და მიწის ნაკვეთების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტისა და მაუწყებლის თანამშრომლობა ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში. აქ ნებისმიერი ტიპის განაშენიანება უნდა შეთანხმდეს და მოწონებული იყოს მუნიციპალიტეტის მიერ. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ პროცესი მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. დეველოპერული კომპანიები ჩართული არიან ამ პროცესში. ითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიაწვდის. ვიმედოვნებ, რომ აუქციონი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ჩაივლის და ხელსაყრელი პირობები იქნება წარმოდგენილი, როგორც ტელევიზიისთვის, ისე მუნიციპალიტეტისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პირველი არხის გადასვლა ახალ ტერიტორიაზე მსხვილი პროექტია და, შესაბამისად, შეხვედრაც მნიშვნელოვანი იყო.
„გამოცხადებულია ტენდერი და შენდება ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. ეს არის 77 მილიონი ლარის ღირებულების მშენებლობა. პარალელურად, გამოცხადებულია აუქციონი არსებული შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით 123 მილიონ ლარად. ბუნებრივია, პირველ რიგში, ვაცნობთ ინფორმაციას კომპანიებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დღეს გავაცანით ინფორმაცია მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და დაინტერესება. დღეს ქალაქის მერიამ მოგვცა ამის შესაძლებლობა, რისთვისაც მადლობელი ვართ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი 16 ივნისს გამოაცხადა. აუქციონის პირობები განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე eauction.ge. საქართველოს პირველი არხის მიერ ჩადებულია პირობა, რომ მყიდველი ტერიტორიის განკარგვას პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლებს. ამასთან, 9 ივნისს საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.