საქართველოს პირველი არხის პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა
საქართველოს პირველი არხის პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა. ტოლერანტობის ქომაგები სახალხო დამცველის აპარატმა დააჯილდოვა.
„საქართველოს პირველი არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, მათი ინფორმირებულობის საკითხები. აქედან გამომდინარე, ორი წლის წინ საქართველოს პირველ არხზე შეიქმნა ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“. მისი ძირითადი საქმიანობა არის ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ეს ჯგუფი მუშაობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციის მომზადებაზე. ეს არის ერთგვარი ინტეგრაციის პროცესი.
ორი წლის განმავლობაში „მრავალფეროვანმა საქართველომ“ შეძლო ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დღეში 9-ჯერ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ახალი ამბები, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ექვსჯერ კოლაჟის სახით, 19:00 საათზე „მოამბე“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ასევე მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ვფიქრობ, ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ამიტომაც მიიღო „მრავალფეროვანმა საქართველომ“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ“, – აცხადებს ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტებს გეგმავს, მათ შორისაა არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ტელეოლიმპიადის პროექტი.
დაჯილდოება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ის პირები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები დააჯილდოვეს, რომლებმაც ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ქომაგები შემდეგ ნომინაციაში გამოავლინა: 1 – მედია საშუალება ან პროექტი; 2 – პიროვნება; 3 – საჯარო მოხელე; 4 – ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებული წევრი, ხოლო რელიგიათა საბჭომ ნომინაციებში – პიროვნება, ორგანიზაცია და საჯარო მოხელე.