საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს სააპელაციო სასამართლომ ბრალი დაუმძიმა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე მსჯავრდებულ პირებს ძალადობაზე შეფარდებული სასჯელი დაუმძიმდათ და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. სასამართლომ ერთი მსჯავრდებული – გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი შვიდი ბრალდებულიდან ორ ბრალდებულს დაუმძიმდა ბრალდება. მათ შეეფარდათ სასჯელის სახედ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმე ეხება ილია თვალიაშვილის ეპიზოდს, სადაც წარმოდგენილ ორ მსჯავრდებულს შეფარდებული ჰქონდა ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და გამოიკვლია აღნიშნული მტკიცებულება, ბრალდების მხარემ შესაბამისი სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი ზემოთ აღნიშნული პირები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თითოეულ მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ერთ-ერთი პირი – გიორგი მაღრაძე, რომლიც იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში, ადგილზე დააკავეს, ხოლო მეორე პირი – გიორგი წარუაშვილი არ გამოცხადდა და მის მიმართ გატარდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“,- განაცხადა საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე კიდევ ხუთი მსჯავრდებული პირის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.