საქართველოს პირველი არხის ონლაინოლიმპიადის „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
საქართველოს პირველ არხზე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“ დასრულდა. უკვე ცნობილია ოლიმპიადის სამი გამარჯვებულის ვინაობა.
პირველი ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ომარი სულეიმანოვმა (პედაგოგი: ნონა მაისურაძე).
მეორე ადგილზე გავიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლე ვენერა ალექსანიანი (პედაგოგი: მარიანნა აკოპიანი).
მესამე ადგილზეა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლე გიულხანუმ კასუმოვა (პედაგოგი: ლია ქშუტაშვილი).
ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეებს სკოლებში უკვე გავლილი მასალებიდან 30-მდე შეკითხვისთვის, ასევე ბონუს კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი.
პროექტის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პროექტში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით დაჯილდოვდებიან დანარჩენი მონაწილეებიც.
ონლაინოლიმპიადაში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. ფინალურ ეტაპზე კი გასაუბრების შედეგად აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების 44 მეშვიდე კლასის მოსწავლე გადავიდა.
პროექტის ფარგლებში, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.
საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადა 4 ივნისს დაიწყო.
„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარებაც, ამ მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.
პროექტის ფეისბუქგვერდზე კი კვირაში ერთხელ იმართება ვიქტორინები, სადაც ქართული ენის შესახებ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს, დასმულ შეკითხვებზე გაცემა შეუძლიათ. ასაკი შეზღუდული არ არის, სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში, წამახალისებელი საჩუქრების მიღების შესაძლებლობა აქვთ.