საქართველოს პირველი არხის მიმართვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში შეასწორა
საქართველოს პირველი არხის მიმართვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში შეასწორა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურომ პირველ არხს წერილობით აცნობა.
საუბარია დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერზე, თითქოს „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა”.
„ბოდიშს გიხდით, თუ წინა ვერსიამ რაიმე დაბნეულობა გამოიწვია“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც თან ერთვის ანგარიშის შესწორებული ვარიანტის ბმული.
შესწორებულ ვარიანტში საქართველოში კანაფის კულტივირების ლეგალიზებაზე ჩანაწერი ამოღებულია და შემდეგ სახით არის წარმოდგენილი: „2018 წლის ივლისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის მოხმარებაზე არსებული საერთო შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებაზე პასუხისმგბელობის დაკისრება გონივრული იქნება გარკვეული გარემოებებში, როგორიცაა მესამე პირებისთვის საფრთხის შექმნა, სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხმარება. მტკიცებულებები არასაკმარისია იმის შესაფასებლად, ექნება თუ არა ამას გავლენა სხვა აკრძალული ნარკოტიკის მოხმარებაზე, გაყიდვასა და ტრანზიტზე“.