საქართველოს პირველი არხის მიერ მწერალ ზაირა არსენიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა დღეს თელავში გაიმართა
საქართველოს პირველი არხის მიერ მწერალ ზაირა არსენიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „დროის სუნთქვა – კახური ქრონიკების“ პრემიერა დღეს მის მშობლიურ ქალაქ თელავში გაიმართა.
ფილმის ჩვენებას საქართველოს პირველი არხის წარმომადგენლები, მწერლის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ზაირა არსენიშვილის ფილმზე მუშაობა ნამდვილად პატივია.
„ჩვენთვის პატივია, რომ დღეს თელავი გვმასპინძლობს და პირველი არხი არის იქ, სადაც საქართველოა. შესაბამისად, ზაირა არსენიშვილის ფილმზე მუშაობა ჩვენთვის ნამდვილად პატივია. მას თუ ვიცნობდით, როგორც არაჩვეულებრივ სცენარისტს, ქეთი სადღობელაშვილის ამ ფილმით კიდევ ახალ ზაირა არსენიშვილს აღმოვაჩენთ. ჩემთვის სხვანაირი კახეთი და სხვანაირი თელავი დავინახე. ჩვენს მაყურებელს დიდი სიამოვნება ელოდება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის მედიის ბლოკის ხელმძღვანელმა, რუსუდან მანჯგალაძემ აღნიშნა, დოკუმენტური ფილმი საზოგადოებას ზაირა არსენიშვილის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის.
„მთელ საქართველოს ჰყავდა ისეთი უდიდესი დრამატურგი და მწერალი, როგორიც იყო ზაირა არსენიშვილი. ვფიქრობთ, ის ცხოვრებაში სათანადიოდ არ იყო დაფასებული. ეს დოკუმენტური ფილმი ჩვენს მაყურებელს ამ უდიდესი ქალბატონის შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის. უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი ჯგუფი და ფილმის ავტორი გახლავთ ქეთი სადღობელაშვილი, რომელიც, მოგეხსენებათ, არაერთი არაჩვეულებრივი ფილმის ავტორია“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.
როგორც საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ფილმში ჩანს საქართველოს ისტორიის ნაწილი, იგრძნობა ის დიდი კულტურა, რომელიც საქართველოში იყო, არის და იქნება.
„მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ამ ფილმს ნახავს. ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, თუმცა მხოლოდ ეს არ წარმოადგენს მის ერთადერთ ღირსებას. ფილმში ჩანს არა მხოლოდ ბრწყინვალე მწერლის, ზაირა არსენიშვილის შემოქმედება, არამედ საქართველოს ისტორიის ნაწილიც, იგრძნობა ის დიდი კულტურა, რომელიც საქართველოში იყო, არის და იქნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ფილმის სატელევიზიო ჩვენება საქართველოს პირველი არხის ეთერში ხვალ, 22:00 საათზე გაიმართება.