საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიენ სტირკსა და მიისის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არხის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა წინასაარჩევნო პერიოდსა და ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე.
ჯილიენ სტირკმა დეტალურად ისაუბრა, რა სტანდარტებითა და მექანიზმებით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები.
„როგორც მისიის ხელმძღვანელმა, შეხვედრაზე ვისაუბრე ჩვენს როლზე, დამკვირვებლებზე და იმაზე, თუ როგორ დააკვირდებიან ისინი არჩევნების სხვადასხვა ასპექტს. როგორც იცით, ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველვყოთ, საარჩევნო პროცესი შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან, ეუთო-ს პრინციპებთან და საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან.
ერთი კვირაა, აქ ვიმყოფებით და ამ ეტაპზე ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვართ. ვხვდებით მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ყველგან ძალიან თბილად და გულღიად გვხვდებიან და ეს საქმეს ძალიან გვიიოლებს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ეუთო/ორიდის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა.