საქართველოს პირველი არხის განცხადება „შერიფი“-„საბურთალოს“ მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით
საქართველოს პირველი არხის განცხადება „შერიფი“-„საბურთალოს“ მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ დღეს, 10 ივლისს მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში „შერიფის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს.

მატჩისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გულშემატკივრებს მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოლაპარაკებას აწარმოებდა ტირასპოლის ტელევიზიასთან და მზად იყო, გაეცვალა რეპორტაჟები. თუმცა, ტირასპოლის ტელევიზიამ სატელევიზიო რეპორტაჟების გაცვლაზე უარი განაცხადა. მათ ოფიციალურად გვაცნობეს, რომ დღევანდელი მატჩის რეპორტაჟი გადაიცემა მხოლოდ ტირასპოლში და მხოლოდ საკაბელო ტელევიზიით.

ამასთან, ტირასპოლის ტელევიზიამ გვაცნობა ისიც, რომ მათ არ აქვთ ინტერესი აჩვენონ განმეორებითი მატჩი, რომელიც თბილისში 16 ივლისს ჩატარდება.

მაყურებლის მხრიდან მატჩის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტირასპოლის ტელევიზიას მიმართა ონლაინ სტრიმის უფლების მოპოვების თხოვნით, რაზეც ასევე უარი მივიღეთ.

რეპორტაჟის მწარმოებელი ტელევიზიის უფლების გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ პლატფორმაზე ონლაინ სტრიმის განთავსება კი წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევას, რისი უფლებაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს.

რაც შეეხება კლუბ „საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებით მატჩს, რომელიც საქართველოში 16 ივლისს გაიმართება, მის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.