საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ თანაწამყვანის სტატუსით ლევან კალანდაძე შეუერთდება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ 9 მაისიდან მეოთხე თანაწამყვანის სტატუსით ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე შეუერთდება.
შესაბამისი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს პირველ არხსა და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენს“ შორის დღეს გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენის“ დამფუძნებელმა, ლევან ბეგლარიშვილმა.
„ამ მემორანდუმს ძალიან საინტერესო გაგრძელება ექნება. ფაქტობრივად, ბიზნესის უფლებები და ბიზნესი მედიასივრცეში ფანჯარას ჰპოვებს და ეს დაცულობის ხარისხს გააძლიერებს. ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ფუნქცია ესეც არის და ამიტომაც ამაში ბიზნესომბუდსმენის ოფისი აქტიურად იქნება ჩართული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის, ლევან კალანდაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, „ბიზნესპარტნიორში“ ბიზნესის მხარდაჭერით, ხელისუფლებას პოლიტიკის კორექტირებაში დაეხმარება.
„ეს ძალიან კარგი პლატფორმაა, რათა ბიზნესს საშუალება მივცეთ, თავისუფლად და გახსნილად ისაუბროს, საკუთარი უფლებების დაცვისთვის უფრო აქტიური იყოს. აქედან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენის აპარატი უკვე ხუთშაბათს პირველ ეთერს გეგმავს. ნუ დავაანონსებთ, ამ ფორმატში ბიზნესომბუდსმენის მოადგილის სტუმარი ვინ იქნება, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიური ვიქნებით. ჩვენ შევეცდებით, ყველა პრობლემაზე, რაც ბიზნესს აქვს, ბიზნესთან ერთად, თავისუფლად, გახსნილად ვისაუბროთ იმ სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოების იმ ნაწილთან მივიტანოთ, ვისაც პრობლემის მოგვარება ხელეწიფება“, – განაცხადა კალანდაძემ.