საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა, მირიან მელაძემ ცნობილი ფოტო ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეს გადასცა
საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა მირიან მელაძემ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძესა და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ყველასთვის ცნობილი ფოტო პირადად გადასცა.
საუბარია ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძის ერთობლივ ფოტოზე, რომელიც შემდეგ „ბიბისიმ“ გამოიყენა საკუთარ სტატიაში, სადაც ქართველი ეპიდემიოლოგები „სამ მუშკეტერად“ არიან მოხსენიებულნი.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საკუთარ თავზე საუბარი რთულია, თუმცა, აცხადებს, რომ დიდი პატივი იყო, როცა მათი მოკრძალებული წვლილი, თანაც ორიგინალური სახელით, გააშუქა ისეთმა მსოფლიო დონის საინფორმაციო სააგენტომ, როგორიც „ბიბისია“.
„ნიშანდობლივია, რომ ჩვენ – პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და მე გაგვაერთიანა. ისინი წარმოადგენენ სხვა მიმართულებას, ეპიდემიოლოგებს. მათი სტრატეგიული მიმართულება და უდიდესი დამსახურებაა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი რაც შეიძლება მცირე იყოს და ამას ძალიან დიდი წარმატებით მიაღწიეს. ჩვენი, როგორც კლინიკური სექტორის დამსახურებაა, რომ დაავადების შემთხვევაში მაქსიმალურად ბევრი გამოჯანმრთელებული და ნაკლები გარდაცვლილი გვყავდეს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენს საქმიანობას და მოკრძალებულ წვლილს ვიღაც ხედავს და აფასებს, მით უმეტეს ასეთი ავტორიტეტისა და რეზონანსის მქონე სააგენტო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გარდა ამისა, ცერცვაძის განმარტებით, ძალიან სასიამოვნოა, რომ სურათი, რომელიც „ბიბისიმ“ თავის რეპორტაჟს დაურთო, ფოტოს ავტორმა – საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა მირიან მელაძემ დღეს მათ თავად გადასცა.
თენგიზ ცერცვაძე საკუთარ თავს „სამი მუშკეტერის“ პერსონაჟ ათოსს ადარებს, ამირან გამყრელიძეს კი – დარტანიანს.
„თუ პირობითად გავანაწილებთ, დარტანიანი ამირან გამყრელიძე უნდა იყოს, ათოსი მე. დარტანიანი არის ამირან გამყრელიძე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მაინც ძირითადი დატვირთვა, ის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს ეპიდემია და არ გავრცელდეს დაავადება, მოდის ამირან გამყრელიძეზე“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფოტოს ავტორს, მირიან მელაძეს მადლობა გადაუხადა.
გამყრელიძის განცხადებით, წიგნი „სამი მუშკეტერი“ ბავშვობის საყვარელი მოგონებაა და დადებითი ემოციებითაც ავსებს.
„დიდი მადლობელი ვარ კორესპონდენტის და რეპორტიორის, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო და ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ადამიანები გაგვხადა, განსაკუთრებით ამ კარგი სახელით. წიგნი „სამი მუშკეტერი“ ყველა ჩვენგანისთვის ბავშვობის საყვარელი მოგონებაა და, რა თქმა უნდა, ემოციები დადებითი გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
თავის მხრივ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ყველასთან საყვარელ პერსონაჟებთან შედარება სასიამოვნო ფაქტია.
„მართლაც ძალიან სასიამოვნოა, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები არიან და მათთან შედარება სასიამოვნოა“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
ამავდროულად, საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა მირიან მელაძემ გაიხსენა, თუ როგორ დაებადა იდეა, შემდგომში „სამ მუშკეტერად“ წოდებული სამეულისთვის ერთობლივი ფოტო გადაეღო.
„როდესაც 14 მარტს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე აღმოვჩნდი, იმ მომენტში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ წარმატებულ ფოტოს გადავიღებდი. დერეფანში დავინახე სამეული, რომელიც გასასვლელისკენ მიემართებოდა. უცებ, მომაფიქრდა, რომ პირველი არხისთვის აუცილებლად უნდა გადამეღო საარქივო ფოტო. მოხდა ისე რომ, არა მხოლოდ ჩვენს არქივში დარჩა, არამედ საქართველოს საზღვრებს გასცდა. ეს ფოტო არის ჩემთვის გამორჩეული. გადაღებაზე როდესაც მივდივარ, ვცდილობ, ხელცარიელი არ წამოვიდე, სულ განსხვავებული კადრის ძიებაში ვარ. მადლობა ნდობისთვის საქართველოს პირველ არხს“, – განაცხადა მირიან მელაძემ.