საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისთვის დაჯილდოვდა
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებისთვის რამდენიმე კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. მათ შორის, გაიმარჯვა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა, მანანა გიგინეიშვილმა საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისთვის.
ასევე, გამარჯვებულებს ჯილდოები გადაეცათ საუკეთესო რადიო გადაცემის, საუკეთესო მულტიმედია პროექტის, საუკეთესო სტატიისა და ბლოგის მომზადებისთვის.
მედია კონკურსი 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდა და მასში წარმოდგენილი ნამუშევრები მედიაპროფესიონალებისა და CSR-ის ექსპერტებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა.
კონკურსში 33-მა ჟურნალისტმა 36 ნამუშევარი წარადგინა.
გამარჯვებულ ჟურნალისტებს ფულადი პრიზი 1 500 ლარი გადაეცათ.
„მედიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან CSR-ის კონცეფციის სწორი გააზრებისა და მისი დანერგვის სტიმულირების პროცესში. სწორედ ამიტომ, CSRDG დიდი ხანია, აქტიურად მუშაობს რეგიონულ და ცენტრალურ მედიასთან CSR-ის ცნების პოპულარიზაციის მიზნით“, – განაცხადა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ.