საქართველოს პირველი არხი ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამაზე მიღებას აცხადებს
საქართველოს პირველი არხი ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამაზე მიღებას აცხადებს.
2019 წლიდან საქართველოს ფორმალური განათლების სისტემაში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო სერვისების დანერგვა, რაც გულისხმობდა საგანმანათლებლო ინსტიტუტების გარდა სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე განათლების მიღების შესაძლებლობას. ასევე, აღნიშნული პროგრამების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა არხმა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამა და მიიღო განხორციელების უფლება. პროგრამა სრულად უფასო იქნება მსმენელთათვის.
პროგრამაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 2021 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას, ჯამში 192 საათს. განაცხადის გასაკეთებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია საიტზე www.vet.emis.ge და აირჩიონ აღნიშნული პროგრამა.
პროგრამაში მონაწილეები შეირჩევიან მათ მიერ მომზადებული პორტფოლიოს შეფასებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
უფასო მომზადების პროგრამის გავლისას მსმენელები შეიძენენ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის შესაფერის პრაქტიკულ უნარებს და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან თანამედროვე ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეისწავლიან სხვადასხვა სატელევიზიო ფორმებს, ჟანრებს, სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიებს.
პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ კურსს საოპერატორო ტექნიკის განვითარების ისტორიისა და ფოტოხელოვნების თეორიის საკითხებზე, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას ოპტიკის, ვიდეოტექნიკის გამოყენების, ვიდეოგადაღების შესასწავლად.
მსმენელები შეისწავლიან შუქის, ფერის, კონტრასტის, კომპოზიციის, რაკურსის გამოყენებას, მუშაობას კადრის სიღრმესთან, ფონებთან და ფაქტურებთან. ასევე, შეისწავლიან სტუდიურ გადაღებას, პავილიონში მუშაობის ტექნიკას.
პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს პირველი არხის შენობაში. ხოლო თეორიული მეცადინეობებისთვის გამოყოფილია ფართი, სადაც არის პრაქტიკული თვალსაჩინოებები.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეეძლება, პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იმუშაოს დამოუკიდებლად.
კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელიც ავტორიზებული იქნება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ.