საქართველოს პირველი არხი თბილისის მერობის ყველა კანდიდატს 21 სექტემბერს ეთერს სთავაზობს
საქართველოს პირველი არხი თბილისის მერობის ყველა კანდიდატს 21 სექტემბერს ეთერს სთავაზობს

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხი ეხმიანება 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ითვალისწინებს საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც, კანონი განსაზღვრავს დებატებს კვალიფიციურ სუბიექტებს შორის და ადგენს საკმაოდ მკაცრ პირობებს მაუწყებლის მიერ არაკვალიფიციური სუბიექტის კვალიფიციურ სუბიექტად აღიარებისთვის.

ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველა წინა არჩევნების დროს არსებობდა საზოგადოების მაღალი ინტერესი რამდენიმე არაკვალიფიციური სუბიექტის მიმართ, არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებია გამონაკლისი, თუმცა კანონიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკლებულია შესაძლებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში იხელმძღვანელოს საკუთარი სარედაქციო გადაწყვეტილებით.

ამის გათვალისწინებით, არადისკრიმინაციულად, თანაბრობის პრინციპის დაცვით, 21 სექტემბერს დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებში ვიწვევთ ყველა დარეგისტრირებულ კანდიდატს, რათა, ერთი მხრივ, შევასრულოთ კანონის მოთხოვნა დებატების გამართვასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი ცალკეულ არაკვალიფიციურ სუბიექტთა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მივმართავთ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, რომლებსაც რეგისტრირებული ჰყავთ ქალაქ თბილისში მერობის კანდიდატები, დებატებში მონაწილეობის შესახებ გვაცნობონ არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.