საქართველოს პირველი არხი საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მფლობელი გახდა
საქართველოს პირველი არხი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ (Leader of the year) მფლობელი გახდა.
საერთაშორისო ჯილდო საქართველოს პირველ არხს თავის სფეროში მართვის ეფექტიანობისთვის გადაეცა.
„რა თქმა უნდა, ვიტყვი მადლობას, რომ აარჩიეს საქართველოს პირველი არხი. ყველა ჯილდო არის დამატებითი მოტივაცია თანამშრომლებისა და ორგანიზაციისთვის. მადლობა, რომ დაინახეს საქართველოს პირველი არხის სწრაფი განვითარება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თიკო ბერძენიშვილმა.
ცერემონიაზე ჯილდოები ქართულ, ყაზახურ და უკრაინულ ბიზნესკომპანიებს გადაეცათ.
საერთაშორისო ჯილდოზე ბიზნესკომპანიების წარდგენა ობიექტური რანჟირების საფუძველზე, კომპანიების წლიური ბრუნვის, დასაქმებული ადამიანების რაოდენობისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხების მონაცემებზე დაყრდნობით ხდება.
საქართველო ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. კომპანიებს საერთაშორისო ჯილდო „წლის ლიდერი“ (Leader of the year) 2017 წლიდან გადაეცემათ.