საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება
25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემა შეუერთდება ამ თარიღის აღნიშვნას და გააშუქებს ამ დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა სპეციალურად ამ დღისთვის წითლად განათდება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, შვიდ შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად აშუქებს გენდერული თანასწორობის საკითხებს და პრიორიტეტად ისახავს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. წლის დასაწყისში მაუწყებელმა პრაქტიკაში დანერგა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ყველა თანასწორია“, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობით, გენდერული ჯგუფის თავმჯდომარის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.