საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა
საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის შენობა, ტრადიციულად, წითელ ფერში განათდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე წელია, აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში.
„რამდენიმე წელია, აქტიურად ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანიას. ამ კამპანიის მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. კამპანიას, რომელიც დღეს დაიწყება და 16 დღე გაგრძელდება, საქართველოს პირველი არხი არა მხოლოდ ეთერს დაუთმობს, არამედ ორგანიზაციაშიც გვაქვს დაგეგმილი აქტივობები, რათა ცნობიერება გაიზარდოს. მიხარია, რომ ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ამ მხრივ ძალიან ჯანმრთელი და ჯანსაღია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
დღეიდან დაიწყო 16-დღიანი კამპანია, რომელიც 1991 წლიდან მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება. მას 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. მათ შორისაა საქართველოც. კამპანიის მიზანია, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.