საქართველოს პირველი არხის მორიგი სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე, დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხისთვის გასული სატელევიზიო სეზონი გარდამტეხი იყო და მომავალი სეზონის დაგეგმვა სერიოზული გამოწვევაა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასული სატელევიზიო სეზონი საქართველოს პირველი არხისთვის, ვიტყოდი – გარდამტეხიც, რამდენადაც იმ პროექტებით, რომლებიც გასულ სეზონზე ჩვენ მაყურებელს შევთავაზეთ, მოხდა ამ არხისკენ მაყურებლის მობრუნება, მაყურებლის დაბრუნება. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ უფრო რთულია და კიდევ უფრო საინტერესო, მართლაც სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, როდესაც ახალ სატელევიზიო სეზონს ვგეგმავთ.
საქართველოს პირველი არხის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი დაგიბრუნდებათ განახლებული ენერგიით, ისევ ბევრი საინტერესო შემეცნებითი, გასართობი გადაცემით, მეგაშოუებით, ბევრი სპორტით და მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობებით. ასე რომ, ვფიქრობ, ერთადერთი არჩევანი გაქვთ, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს პირველი არხის ერთგული მაყურებელი“, – აცხადებს რუსუდან მანჯგალაძე.