საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული აკადემიის ტრენინგებს მასპინძლობს [ფოტო]
საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული აკადემიის ტრენინგებს მასპინძლობს [ფოტო]

საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში მუდმივმოქმედი რეგიონული აკადემიის ფარგლებში პირველი ტრენინგი – „გოინგ მობაილი“ (Going Mobile) ტარდება.

ტრენინგს „ბიბისის“ ჟურნალისტები ატარებენ. კურსის მიზანია სმარტფონის საშუალებით მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღების მეთოდების სწავლება, მარტივი ვიდეომონტაჟის შესრულება, ასევე მუშაობის პროცესში საჭირო აპლიკაციებისა (app) და სხვა მოწყობილობების გათავისება.

„საქართველოს პირველი არხი მასპინძლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ ჰაბს, სადაც ჩატარდება ტრენინგები, განსაკუთრებით მობილური ჟურნალისტებისთვის, რადგან 21-ე საუკუნეში ჟურნალისტები არ მუშაობენ მხოლოდ კამერებით, ჩვენ გადავედით რეპორტაჟების მობილურით მომზადებაზე. დღეს ვმასპინძლობთ სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს და ეს ორმაგი პატივია, რადგან ეს ჰაბი არის საქართველოში. პირველი ტრენინგი დაიწყო დღეს, გვყავს გამოცდილი ჟურნალისტები „ბიბისიდან“. ვფიქრობთ, ძალიან წარმატებული იქნება ეს ორი დღე არა მარტო ჩვენი ჟურნალისტებისთვის, არამედ ჩამოსული სტუმრებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ტრენინგები განკუთვნილია რეპორტიორებისთვის, პროდიუსერებისა და სოციალური მედიის მენეჯერებისთვის – როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ტრენინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.