„წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც არჩევნების დღე, საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ ფოკუსს წარმოადგენს. ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა დემოკრატიული პროცესის უცვლელი პირობაა, პირველმა არხმა ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი შესაძლებლობა მისცა ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამები წარედგინა, საეთერო დრო ტელე და რადიოეთერში დაეთმო როგორც კვალიფიციურ, ასევე არაკვალიფიციურ სუბიექტებს, ჩატარდა დებატები, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა კვალიფიციურ სუბიექტს ჰქონდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი იყო, ვინც, კანონის შესაბამისად, დრო დაუთმო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და სრულად შეასრულა ვალდებულება პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ეუთო/ოდირისა და საქართველოში მყოფ სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკური განხეთქილების რიტორიკას. პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი, მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას. მნიშვნელოვანია, რომ შიდა მონიტორინგის წარმოება არის არა საკანონმდებლო ვალდებულება, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად.
დებატები 2024
21 ოქტომბერს საქართველოს პირველმა არხმა გამართა პოლიტიკური დებატები, სადაც მიწვეული იყო ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი. დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო ექვსი კვალიფიციური პარტიის, კერძოდ: „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპელი დემოკრატების“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს, თუმცა „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
დებატები უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით. ხელმისაწვდომი იყო აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, გადაიცა საქართველოს რადიოს ეთერით.
ვებპორტალი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პირველმა არხმა შექმნა სპეციალური ვებპორტალი „არჩევნები2024“, რომელზეც თავსდებოდა წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბები. პორტალი წინასაარჩევნო და შემდგომი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ახლდება.
„მოამბე“
„მოამბის“ 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 21:00-საათიან გამოშვებებში შუქდებოდა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, ყოველდღიურად, 20:20 საათზე ეთერში გადიოდა გადაცემა „არჩევნები 2024“ და თითოეულ კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტს (17 პოლიტიკური სუბიექტი) დაეთმო საუკეთესო საეთერო დრო, არანაკლებ 5 წთ. აღნიშნული შეთავაზებით 18 პოლიტიკური სუბიექტიდან ისარგებლა 17-მა.
საქართველოს რადიოს გადაცემა „ღია სტუდია“ ეთერს უთმობდა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში რადიოეთერში გადიოდა ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი სპეციალური გადაცემა „მრავალფეროვანი საქართველო“.
წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პირველმა არხმა მაყურებელს შესთავაზა გადაცემა „ყველა შეკითხვა ცესკოს“. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობდა. მოქალაქეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა სატელეფონო ზარისა და სოციალური ქსელის საშუალებით ჰქონდათ.
წინასაარჩევნო პერიოდში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ეთერში გავიდა გადაცემა „არჩევნები 2024 – გიორგი გვიმრაძესთან ერთად”.
მონიტორინგი
საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს. საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.
მონიტორინგი განხორციელდა სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკის შესაბამისად.
მედიაწიგნიერება
საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს მთელი საზოგადოებისთვის და მისი თითოეული წევრისთვის, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გადაიცემოდა სურდო თარგმანის თანხლებით. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
სარეკლამო დრო
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად უფლებამოსილი პარტიებისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარ ეთერში გამოყო ყოველ საათში 5 წუთი და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად, თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თავსდებოდა იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდა, ხოლო, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, სხვა პარტიების წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით გამოიყო ყოველ საათში 10 წამი თითოეული სუბიექტისთვის და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად, თითოეული პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თავსდებოდა იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 30 წამს არ აღემატებოდა.
საქართველოს პირველი არხის ეთერში, მომართვის საფუძველზე, განთავსდა შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების პოლიტიკური რეკლამა:
სატელევიზიო ეთერი:
№4 კოალიცია ერთობისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა
№5 „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
№6 „ევროპელი დემოკრატები“
№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№9 „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის თავისუფლებისთვის!“
№16 „შეცვალე საქართველო“
№17 „საქართველო“
№20 თავისუფალი საქართველო
№21 ტრიბუნა
№25 „გახარია საქართველოსთვის“
№27 „ქართველ ერთობა“
№36 „გირჩი“
№41 ქართული ოცნება
რადიოეთერი:
№6 „ევროპელი დემოკრატები“
№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№16 „შეცვალე საქართველო“
№17 „საქართველო“
№20 თავისუფალი საქართველო
№27 „ქართველ ერთობა“
№41 ქართული ოცნება
პროგრამის პრეზენტაცია/ყრილობა
წინასაარჩევნო პერიოდში პირველი არხი პარტიებს სთავაზობდა წინასწარ, შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, 12:00, 15:00, 18:00 ან 21:00–საათიანი „მოამბის“ გამოშვებებში საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის 10-15 წუთი პირდაპირი ეთერის დათმობას იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტი თავად უზრუნველყოფდა პირველი არხისთვის პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალის მოწოდებას.