საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადაში არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
პროექტის პროდიუსერ რამილია ალიევას თქმით, ონლაინოლიმპიადა საკმაოდ საინტერესო და საჭირო პროექტია საჭირო დროს.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს პირველმა არხმა ეს პროექტი დაიწყო, რომელიც მთლიანად ვერ მოაგვარებს ამ კუთხით არსებულ პრობლემას, მაგრამ ეს იქნება ერთგვარი ბიძგი, ერთგვარი დახმარება, რომელიც რსებული პრობლემის გადასაჭრელად გვჭირდება ყველას. ჩვენ არ ვიწყებთ საუბარს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ იციან ჩვენმა თანამოქალაქეებმა სახელმწიფო ენა. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიის თემატიკაა, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, პოზიტიურად შევხედოთ ამ თემას და შევძლოთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში“, – აღნიშნა რამილია ალიევამ.
მისი თქმით, ოლიმპიადა ონლაინრეჟიმში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ტარდება.
„ყველა აპლიკანტთან გადავამოწმეთ, აქვთ თუ არა ინტერნეტთან წვდომა, რათა მიეღოთ მონაწილეობა. საბედნიეროდ, ყველას ჰქონდა ამის საშუალება. ოლიმპიადის შესახებ ყველა ინფორმაცია იქნება 1tv.ge-ზე, სადაც უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის ონლაინოლიმპიადის გვერდი. რაც შეეხება ოლიმპიადის თემის გაშუქებს, ამ ოლიმპიადის შესახებ მომზადდება დღიურები, რომლებიც გავა „პირველი არხი – განათლების“ ეთერში, ასევე საქართველოს პირველ არხზე, „ახალი დღის“ ეთერში“, – განაცხადა რამილია ალიევამ.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი არხის პროექტის „ჩვენი ქართული ენა“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. ერთ-ერთია ფეისბუქ-ვიქტორინა.
„პროექტს თავისი ოფიციალური ფეისბუქგვერდი აქვს, სადაც ჩვენ ყოველ ოთხშაბათს ვათავსებთ კითხვას ქართულ ენასთან დაკავშირებით. ეს კითხვა საინტერესოა, ლოგიკურია და ადაპტირებულია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის. ასევე, დაგეგმილია ამ პროექტის მესამე აქტივობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე გაიმართება და ეს არის თემა „ჩვენი ქართული ენა“, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებს. აქ არ გვაქვს შეზღუდვა მოსწავლის ასაკზე და იმაზე, თუ რომელ კლასში სწავლობს. ვიღებთ თავისუფალ თემებს, სათაურით „ჩვენი ქართული ენა“, და შესაბამისად, ამ კონკურსში გამარჯვებულიც დაჯილდოვდება საქართველოს პირველი არხის მიერ“, – აღნიშნა რამილია ალიევამ.
მისივე თქმით, მსოფლიო პანდემიის გამო, პროექტის ადაპტირება მოხდა.
„პროექტზე რომ ვმუშაობდით, თავიდან სხვანაირად გვქონდა ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ მთელ მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოგვიწია პროექტის გარკვეული ნაწილების შეკვეცა და ადაპტირება იმ სიტუაციასთან, რაც გვაქვს. როცა ვაპირებდით პროექტის განხორციელებას, რამდენიმე ასაკობრივ კლასს შორის, ამ შემთხევაში შევჯერდით მხოლოდ მეშვიდე კლასზე, რადგან ეს იყო გარკვეული შუალედი და ვფიქრობდით, რომ მეშვიდე კლასი ზუსტად არის ის კლასი, რომელსაც მიღებული აქვს ქართული ენის საბაზისო განათლება. როცა ამ პროექტზე ვმუშაობთ, ვხედავთ, რომ არა მხოლოდ უნდა განვითარდეს, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია. გვქონდა 200 მოსწავლესთან გასაუბრება და ვხედავთ რეალურ სურათს, თუ რა ხდება რეგიონში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოსწავლეა, რომელიც ელემენტარულად სასაუბრო დონეზეც ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, მაგრამ საბედნიეროდ, არიან ის მოსწავლეებიც, რომლებიც ფლობენ. მათთვისაც ეს ოლიმპიადა და აქტივობები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, იქნება წამახალისებელი და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ, თუ რამდენად საჭიროა სახელმწიფო ენის შესწავლა“, – განაცხადა რამილია ალიევამ.
„ტელესკოლის“ მასწავლებლის, შორენა ხუხუას თქმით, ონლაინოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეები მომზადებულები და მოტივირებული არიან, მათ შორის კი მაღალი კონკურენცია იქნება.
„აქტიური და ყოჩაღი ბავშვები იყვნენ, თითქმის ყველამ წარმატებით გაართვა თავი, მეტნაკლებად. იყო გარკვეული შეცდომებიც, მაგრამ როცა ვუყურებდი და ვაფასებდი, ძალიან გამიჭირდა შეფასების გაკეთება, რადგან თითქმის თანაბრად იყვნენ – ძალიან მობილიზებული, მოტივირებული, მომზადებული შინაგანად. რამდენიმე თითქოს ნერვიულობდა, მაგრამ ჩვენ გავესაუბრეთ მშვიდად და ბავშვებიც ჩაერთნენ. ვფიქრობ, პოზიტიური დღე იყო, რადგან ბავშვები მოტივირებულები, მომზადებულები და შემართულები იყვნენ გამარჯვებისთვის, რაც დასაფასებელია. ვფიქრობთ, ძალიან მაღალი კონკურენცია იქნება და გაგვიჭირდება გამარჯვებულის არჩევა, რადგან არ ყოფილა შეკითხვების დასმის დროს ბავშვი, რომელსაც უჭირდა კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა შორენა ხუხუამ.
ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 200-მდე მონაწილემ გამოთქვა, საიდანაც რამდენიმე განაცხადი შეირჩა. პროექტის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადის ჩატარება. წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და ღონისძიებაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. ასევე, დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.
პროექტის ფეისბუქგვერდზე – „ჩვენი ქართული ენა“ პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება. დასმულ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები მოიგებენ წამახალისებელ საჩუქრებს. დაგეგმილია აქტივობა, თავისუფალი თემის დაწერა, სათაურით „ჩვენი ქართული ენა“.
ამასთან, „პირველი არხი – განათლების“ ეთერში, „ტელესკოლაში“ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.