საქართველოს პირველ არხს ვიდეოოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი არხი ვიდეოოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამას განახორციელებს.

უფასო მომზადების პროგრამის გავლისას მსმენელები შეიძენენ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის შესაფერის პრაქტიკულ უნარებს და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან თანამედროვე ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეისწავლიან სხვადასხვა სატელევიზიო ფორმებს, ჟანრებს, სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიებს.

პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ კურსს საოპერატორო ტექნიკის განვითარების ისტორიისა და ფოტოხელოვნების თეორიის საკითხებზე, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას ოპტიკის, ვიდეოტექნიკის გამოყენების, ვიდეოგადაღების შესასწავლად.

მსმენელები შეისწავლიან შუქის, ფერის, კონტრასტის, კომპოზიციის, რაკურსის გამოყენებას, მუშაობას კადრის სიღრმესთან, ფონებთან და ფაქტურებთან. ასევე შეისწავლიან სტუდიურ გადაღებას, პავილიონში მუშაობის ტექნიკას.

პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს პირველი არხის შენობაში. თეორიული მეცადინეობებისთვის გამოყოფილია ფართი, სადაც არის პრაქტიკული თვალსაჩინოებები.

პროგრამის მიზანია, მსმენელს მისცეს ვიდეოოპერატორისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები; გააცნოს და პრაქტიკულ მაგალითებზე აჩვენოს საოპერატორო ხელოვნების ძირითადი პრინციპები. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გამოიმუშაოს ვიდეოოპერატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

მსმენელს შეასწავლოს ფოტოგრაფიის საფუძვლები, ვიდეოგადაღების ხელოვნება, კომპოზიციის, ფერისა და სინათლის გამოყენების ხერხები და კანონები. გააცნოს ციფრული და სხვადასხვა გადამღები ტექნიკით მუშაობის, სტუდიური და გარე გადაღებების, სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციის თავისებურებები.

პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იმუშაოს დამოუკიდებლად.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი ბესო ორმოცაძე აცხადებს, საქართველოს პირველ არხს ოპერატორების მომზადებისთვის ყველა მატერიალური რესურსი აქვს.

„დიდი საქმე გაკეთდა. ეს პროექტი დაკავშირებული იქნება „ტელესკოლასთან“ და უფასოდ მოამზადებს პროფესიონალებს. ბევრს აქვს მომზადების სურვილი, მაგრამ არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს 1200-1500 ლარი. ტელევიზია იღებს საკუთარ თავზე, რომ აბსოლუტურად უფასოდ გადაამზადოს და მოამზადოს მსურველები“, – აღნიშნა ორმოცაძემ.