საქართველოს პირველ არხს სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი სტუმრობს
არქივის ტექნიკური მდგომარეობის ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს პირველ არხს სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი სტუმრობს.
როგორც სერგეი ტონოიანმა განაცხადა, საქართველოს პირველი არხის არქივში დაცულ მასალებს ეცნობა და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს.
„აქ ვარ, რათა საქართველოს პირველი არხის არქივის ზოგად ვითარებას, საარქივო მასალებსა და სამუშაო პროცესს გავეცნო. ჩემი ამოცანაა, შევაფასო ვითარება, გავაანალიზო ტექნიკური მდგომარეობა და ამაზე დაყრდნობით გავუწიო რეკომენდაცია, რომლის შემდეგაც მასალების შენარჩუნების პროცესი – გაციფვრა დაიწყება. ორივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საარქივო მასალის შენარჩუნება და გაციფვრა. სომხეთის მაუწყებელმა ეს უკვე შეძლო. რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი და მისი მოადგილე სომხეთში იმყოფებოდნენ ჩვენი მაუწყებლის არქივის აღდგენითი სამუშაოების პარამეტრების გასაცნობად. მათი მოწვევით, ახლა ვარ თბილისში, რათა ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ კუთხით გამოცდილება გავუზიარო. ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლები უკვე რამდენიმე თვეა, სხვადასხვა მიმართულებით ეფექტურად თანამშრომლობენ და ჩემი ვიზიტი ამის დასტურია”,- აღნიშნა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელმა სერგეი ტონოიანმა.
საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის ივლისში გაფორმდა.