საქართველოს პირველ არხს ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ესტუმრა. ელჩმა შეხვედრა გამართა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან.
ლიეტუვის ელჩი საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების სამუშაო გარემოსაც გაეცნო.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირველი არხი მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
„ვისაუბრეთ ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, ფუნქციასა და მნიშვნელობაზე. ასევე, 13 იანვარს არის 1991 წლის ცნობილი მოვლენები, რომელიც მნიშვნელოვანია ლიეტუვისთვის. საქართველოს პირველ არხზე განსაკუთრებული პროგრამირება იქნება ამ დღესთან დაკავშირებით. ასევე, დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, რომლის მედიაპარტნიორიც იქნება პირველი არხი. ვიცით, რომ ლიეტუვა არის საქართველოსთვის სტრატეგიული, მოკავშირე ქვეყანა და თვითონ ხალხის დამოკიდებულება არის განსაკუთრებული. პირველი არხი ძალიან ბევრს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად იყოს გაღრმავებული კულტურის სფეროში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ლიეტუვის ელჩის თქმით, შეხვედრაზე გაცვალეს შეხედულებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესახებ.
„ჩემი, როგორც ელჩის ფუნქცია ამ ურთიერთობებში სწორედ ფასილიტატორად ყოფნაა. ასევე გვექნება თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხსა და ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გავაცნოთ ორი ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთი უკეთესად. მე მესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გვაქვს ბევრი დისკუსია საზოგადოების სხვადასხვა წევრს შორის, სწორედ ამ დროს აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული როლი. მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მაუწყებლებს, როგორც მისიას, რომელსაც განსხვავებული შეხედულებების მიტანა შეუძლია მაყურებლამდე“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.