საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია სტუმრობს
საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციისა და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე საქართველოში შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან გამართავენ. ვიზიტი ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოში 11-15 ოქტომბერს მართავენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, რადგან ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ტრადიციულ მედიასაშუალებებთან ერთად ახალგაზრდა აუდიტორიასთან კავშირის შესანარჩუნებლად, მათი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მემკვიდრეობის, ღირებულებების გადასაცემად, ციფრული პლატფორმები შეუცვლელია. გარდა ამისა, ეს ის ველია, სადაც შინაარსის შექმნაში აუდიტორია ყველაზე აქტიურად არის ჩართული, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნებს, მის კონცეფციას – იყოს ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომი, ზედმიწევნით ესადაგება“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის შესახებ EBU-ს გამოცემაში PLAYBOOK დაიწერა და ის სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად შეფასდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და ორგანიზაციასთან მჭიდრო, მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.