საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

იტალიაში, რომში, იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს – Garante per la protezione dei dati personali და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პასკუალე სტაციონემ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზებას, ექსპერტების გაცვლას.

ღონისძიებაზე ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო პლატფორმებსა და ქსელებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობაზე და აღნიშნა ამ მიმართულებით საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობისთვის. იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პასკუალე სტაციონემ ისაუბრა მემორანდუმის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე, კონსული ნატალია კორძაია და 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე ალესანდრა პიერუჩი.

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა იტალიისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ანა თოხაძე.

ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.