საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან სასჯელს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას.
„მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან – ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია“, – განაცხადა წულუკიანმა.