საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი აწერენ.
სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება საერთო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დიალოგს, ურთიერთმხარდაჭერას, რეგულარულ და აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, გაცვლით პროგრამებს და საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილება.
„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი, სამაგალითო პოლიტიკური ურთიერთობები და ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი – ეს არის ისტორიული, ტრადიციული მეგობრობა პოლონელ და ქართველ ხალხებს შორის. ეს ისტორიული კავშირი ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილება და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოგვცემს საშუალებას, კიდევ გავაღრმავოთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები და უფრო მეტიც, ეს სტრატეგიულ დონეზე ავიყვანოთ. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში და ეს ხელშეკრულება მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კიდევ უფრო წაახალისებს. ასევე, შეთანხმება ხელს შეუწყობს თემატურ თანამშრომლობას კომიტეტებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული საპარლამენტო ასამბლეის ფორმატით. ასეთი ფორმატის შექმნა ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ეს იქნება ძალიან კარგი სიგნალი სხვა ქვეყნებისთვისაც. საქართველოს პარლამენტს აქვს ძალიან დიდი სურვილი და მოტივაცია, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ეს შეთანხმება იქნება ამის ძალიან კარგი და მყარი საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის, მარეკ კუჩინსკის განცხადებით, შეთანხმება საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობას საფუძველს შეუქმნის. მისივე თქმით, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის შექმნა ევროპის სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება.
„იმედი გვაქვს, ეს შეთანხმება გახდება საფუძველი ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების და მომავალი ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერული თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ეს იქნება მაგალითი ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორ შეიძლება პარლამენტების საერთო სხდომები ჩატარდეს და შეიქმნას საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მუშაობაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას“,- განაცხადა მარეკ კუჩინსკიმ.
პოლონეთის სენატის მარშლის, სტანისლავ კარჩევსკის თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ახალი იმპულსი იქნება. მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის მოწვევა იქნება.
„ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს პარლამენტებს შორის. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი, შემდგომი იმპულსი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ამის შედეგად, ჩვენი შეხვედრები უფრო ხშირი და მეტად ნაყოფიერი იქნება. ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ თანამშრომლობების არეალი, კავშირები. ეს ხელს შეუწყობს დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამყარებას და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შემდეგი ეტაპი საპარლამენტო ასამბლეის მოწვევა იქნება“, – განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.
სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.