საქართველოს პარლამენტმა უკრაინის ქალაქ ლვივიდან ჩამოსულ მოზარდების უმასპინძლა.
„მიხარია, რომ გვაქვს პატივი, მიგიღოთ პარლამენტში, ვიყოთ თანაორგანიზატორი თქვენი საქართველოში ყოფნის და ამ რთულ პერიოდში, რასაც უკრაინა გადის, გაჩვენოთ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, არამედ ჩვენს ოჯახებში თქვენი მიღებით.
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საშუალება, გადმოგცეთ ჩვენი სიყვარული, მეგობრობა და ამით ყველამ ერთად ოპტიმიზმით გავიხედოთ წინ. ვინაიდან ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ალბათ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი, რას გრძნობთ თქვენ, ბავშვები. ჩვენ გვინდა, გაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა და მეგობრობა, რომ იმ იმედის სინათლეს, რომელიც თქვენში ასე ძლიერია, ჩვენი ენერგიაც შევმატოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე, რომელიც პარლამენტში უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის ვიცე-სპიკერს, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არჩილ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ რამდენიმე ასეთი ჯგუფი გვყავდა და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ მხრივ უკრაინის პარლამენტთან. მეგობრობის ჯგუფებს შორის თბილი ურთიერთობაა, ჩემს კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან მაქვს ასევე ძალიან თბილი ურთიერთობა და ხშირი კონტაქტი და მიხარია, რომ თქვენც ამ მეგობრობის წრეში ჩვენთან ერთად ხართ. მინდა, მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერს და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არჩილ თალაკვაძეს, სწორედ მისი და მისი უკრაინელი კოლეგის და, ზოგადად, პარლამენტებს შორის თბილი ურთიერთობის წყალობით არის, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული უკრაინელი ბავშვების მიღებაში პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინელ მოზარდებს სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ.
„ჩვენ, ყველას, გვჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობა და მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება. ვიდრე თქვენს ქვეყანაში არის ომი თავისუფლებისთვის, ომი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თქვენ ხედავთ, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი ქვეყნის – საქართველოს კარი ყოველთვის ღიაა და სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ მთავრობასთან ერთად შევძელით გვემასპინძლა უკრაინელი მეგობრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის არაერთხელ და ახლაც მოხარული ვართ, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ აქ მშვიდობიანი და ბედნიერი დღეები გაატარეთ და ყოველთვის დაგამახსოვრდებათ, თუ როგორ დაგხვდათ საქართველო და თუ როგორ გაგიხსნათ გული ჩვენმა ქვეყანამ.
საქართველოს პარლამენტს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის, შრომის და პატრიოტიზმის ხანგრძლივი ისტორია და ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს უკრაინის ახალ თაობას ვმასპინძლობთ აქ, საქართველოს პარლამენტში, ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ზრუნავს თქვენზე, საქართველოს თქვენ უყვარხართ, ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ჩამოსვლა საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, ახალგაზრდობის სააგენტოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის საელჩოს საქართველოში და საქართველოს ელჩს უკრაინაში პროექტის დაფინანსების, ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გივიაშვილმა მოზარდებს საინტერესო, შემოქმედებითად მრავალფეროვანი დღეები უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა და პარლამენტის წევრებმა უკრაინელ სტუმრებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მათთვის პარლამენტის სასახლეში გაიმართა ექსკურსია.
სამუსიკო სკოლის 46 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები საქართველოში 22 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით დარჩებიან და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.