საქართველოს პარლამენტის წევრს კოლეგის პულტით მანიპულირება ხელფასის 20 პროცენტი დაუჯდება
პარლამენტის იმ წევრს, რომელიც სხვის ნაცვლად კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში მონაწილეობას მიიღებს, ხელფასის 20 პროცენტი დაუკავდება, – შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიცირებაც დღეს იგეგმება.
დღეს მოქმედი რეგლამენტით, თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას ხელფასის 20 პროცენტი დაუკავდება.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ხელფასის 20 პროცენტი ზემოთ აღნიშნული დეპუტატის გარდა იმ კანონმდებელსაც დაუკავდება, რომელიც სხვისი პულტით ისარგებლებს. საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად იყო პრეცედენტები, როცა დეპუტატები კოლეგის დახმარების მიზნით, მისი პულტით სარგებლობდნენ და კოლეგის ნაცვლად ხმას აძლევდნენ.