საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით ლვოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა გაიმართა
ქალაქ ლვოვში 22-23 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს, როგორც ქსელის თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე. უკრაინის ვერხოვნა რადას აპარატის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან ერთად მონაწილეობა სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ და მოლდოვას პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა მიიღეს.
შეხვედრამდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ევროკავშირისა და უკრაინის დროშების აღმართვის ცერემონიალში.
ორდღიანი შეხვედრის შედეგად: დამტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტთა კვლევითი ქსელის (EPPRN) საქმიანობის წარმართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი; განიხილეს და მოიწონეს თბილისის მემორანდუმის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი; მოიწონეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის შესახებ საინფორმაციო ვებგვერდის კონცეფცია; საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის აპარატის უფროსებმა ხელი მოაწერეს ლვოვის კომუნიკეს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის აპარატის უფროსებმა მსგავსი ტიპის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს მიმართეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელთან აქტიური თანამშრომლობის დამყარებისკენ მოუწოდეს.
შეხვედრაზე განხილული და დამტკიცებული იყო 2019 წლის მეორე ნახევრის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, 3-5 ივლისს საქართველოში განხორციელდება ქსელის წევრი აპარატის უფროსების სამუშაო ვიზიტი, რომელზეც სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნება ქნესეტის აპარატის უფროსი და არჩეული იქნება ქსელის ახალი თავმჯდომარე ქვეყანა.
2019 წლის სექტემბრის დასასრულს ერევანში გაიმართება ქსელის წლიური შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს ერთი წლის აქტივობებისა და შედეგების ანგარიშს. 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის აპარატი უმასპინძლებს ქსელის წევრი ქვეყნების აპარატის თანამშრომლების ორდღიან ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც გაუზიარებს ღია პარლამენტის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის, პარლამენტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობის გამოცდილებას.
პარალელურად, სომხეთში ჩატარდება კვლევითი და ანალიტიკური მიმართულების თემაზე სამუშაო შეხვედრა ერთობლივი რეგიონული კვლევის ჩასატარებლად, საერთო მეთოდოლოგიის შემუშავებისა და სტანდარტების განსაზღვრის მიზნით. 2019 წლის დეკემბერში იგეგმება ქსელის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ბერლინში, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელობასთან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა ლვოვში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, 2018 წლის სექტემბერში, თბილისის მემორანდუმის საფუძველზე. 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ქსელს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის აპარატი.