საქართველოს პარლამენტის ვებპორტალის კანონმდებლობის გვერდს ახალი აპლიკაცია - „საინფორმაციო სისტემა“ დაემატა
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებპორტალის კანონმდებლობის გვერდს ახალი აპლიკაცია – „საინფორმაციო სისტემა“ (https://info.parliament.ge/beta/) დაემატა, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი აპლიკაცია მარტივად მოხმარებადია და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ოპერატიულად მოიძიონ პარლამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: კანონპროექტები – თანდართული ყველა მასალებით, კენჭისყრის შედეგები, ბიუროსა და პლენარული სხდომების დღის წესრიგები, აგრეთვე სადეპუტატო კითხვები და, რაც მთავარია, ყველა საჯარო ინფორმაცია.
მათვე ინფორმაციით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაწყებული 1997 წლიდან დღემდე, 10 861 კანონპროექტზე მიიღოს ყველა ინფორმაცია ინიცირებიდან მის კანონად ქცევამდე.
როგორც პარლამენტში აცხადებენ, საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის აპლიკაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა.
მათივე ინფორმაციით, გვერდზე თემატურად განთავსებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია.
„საქართველოს პარლამენტის საჯარო ინფორმაციის მოდულზე ინფორმაცია ადვილადდამუშავებად ფორმატებშია მოცემული, რაც მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებს.
მოდულზე განთავსებულ თითოეულ ინფორმაციას მითითებული აქვს გამოქვეყნების თარიღი, განახლების პერიოდი, ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს.
ამასთან, საჯარო ინფორმაციის გვერდი ითავსებს არქივის ფუნქციასაც და ინფორმაციის განახლების შემთხვევაში, მომხმარებლისათვის განვლილი პერიოდის ინფორმაციაც კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება. გვერდზე არსებულ თითოეულ განყოფილებას გააჩნია დეტალური ძიების ველი, რაც მომხმარებელს მისთვის სასურველი პერიოდის თუ შინაარსის ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებს.
საჯარო ინფორმაციის გვერდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის განყოფილება წარმოადგენს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტიდან ელექტრონულად გამოითხოვოს.
საჯარო ინფორმაციის გვერდის შემუშავება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუძემდებლური პრინციპებიდან (ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა მმართველობით პროცესებში) გამომდინარეობს და ეხმაურება საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ 3.1 ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტები ადვილად დასამუშავებელ ფორმატში უნდა იქნეს განთავსებული.
თავის მხრივ, ეს მიდგომა პარლამენტის მხრიდან მონაცემებს უფრო ღიას ხდის, რაც მნიშვნელოვანია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების ღიაობისა და გამჭვირვალობისათვის.
იგეგმება ამ აპლიკაციის გაფართოება, ახალი ფუნქციებით დატვირთვა და ინფორმაციით შევსება.
პარლამენტის ინფორმაციული სისტემები აქვეყნებს API – ის (Application Programming Interface) ფუნქციონალს, რომელსაც ასევე იყენებს აღნიშნული აპლიკაცია. აღსანიშნავია, რომ იგი არის საზოგადოდ ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მომხმარებელს ეძლევა საშუალება მისი მეშვეობით შექმნას საკუთარი აპლიკაცია”, – აცხადებენ პარლამენტში.