საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა აქტიურ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ინტერესი, აღადგინოს ეკონომიკა, რომელზეც პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა და კვლავ უმასპინძლოს ლიეტუველ ტურისტებს საქართველოში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას და 2024 წელს შეიტანს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე.

რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და მინისტრს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გააცნო.

კახა კუჭავამ გამოხატა მადლიერება ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებზე შემზღუდავი ზომების დაწესების გამო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, ლიეტუვას მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები – ავთანდილ ენუქიძე და ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ქეთევან ჩემია ესწრებოდნენ.