საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის.

სტუმრებს სიტყვით მიმართავენ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი დოროტა დლოუხი-სულიგა.

ახალი პროექტის შესახებ ისაუბრებენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო კონსულტანტი რობერტ კლემენტსი.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდის პროექტის“ მიზანია, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი ანალიტიკური და კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება, რაც პარლამენტის მიერ საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

„პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11:00 საათზე გაიმართება.