საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ფედერალური დონის სასამართლო სისტემის მოწყობის საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრა გამართა
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სასამართლოს ადმინისტრაციული ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ფედერალური დონის სასამართლო სისტემის მოწყობა, როგორ ხდება კონგრესის მიერ ამ ოფისის ბიუჯეტის განსაზღვრა და დაფინანსება, ასევე როგორ ხდება ურთიერთობა კონგრესის წარმომადგენლებთან ისეთ სფეროში, როგორიც არის საკანონმდებლო ნორმების შემუშავება მართლმსაჯულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხები.
სასამართლოს ადმინისტრაციული ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფედერალური სასამართლოების გამჭვირვალობაზე, ასევე დოკუმენტებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.