საქართველოს დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მოლდოვაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ასამბლეის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც ასამბლეის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. ცხადია, რომ საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრატეგიული ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები, რათა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა პლენარული სესიის მთავარ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ პროგრესზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით და შემდგომი ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებაზე.
„საქართველო ახორციელებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციას. ამაყად შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა რეკომენდაციების შესასრულებლად და გვაქვს ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით. რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, ვაგრძელებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას, რათა საქართველო უფრო მეტად გახდეს თავსებადი ევროკავშირთან. პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ნათლად არის ასახული ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევისა და გაწეული მუშაობის შესაბამისად, საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გავაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ კომიტეტების მიერ შემუშავებული რეზოლუციები მიიღო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების მიერ წარდგენილი წინადადებები აისახა.
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ასევე უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით და მოუწოდებს ევროკავშირს, გაფართოების პროცესი განხორციელდეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად და შეფასებისას მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმები.
რეზოლუცია ასევე ეხმაურება უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მიესალმება ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საპარლამენტო ასამბლეამ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, მაია ბითაძის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასთან, სწორედ ამიტომ საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამიტომ მწვანე ენერგიაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს, როგორც პასუხი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წელში გამოიარა სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო რუსეთის ბუნებრივ აირზე, რომელმაც 2006 წელს გამოცადა ენერგეტიკული ემბარგო და 2008 წელს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. სამხედრო ოკუპაცია კვლავ გრძელდება და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. სწორედ ამიტომ და ასევე კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საჭიროა, მიღებულ იქნეს ყველა ზომა როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მწვანე ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, რათა შეიქმნას ტექნიკური შესაძლებლობები დამაკავშირებელი პროექტებისათვის, მათ შორისაა საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში“, – განაცხადა რეზოლუციის თანაავტორმა, მაია ბითაძემ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენდნენ: მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.