საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღეს ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში – ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე.

სხდომაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის სოლიდარობაზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე პროცესზე, სტრატეგიულ კომპასსა და ევროკავშირის გაძლიერებაზე, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პროგრესსა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების საჭიროებაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობასა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში უსაფრთხოების გამოწვევებზე, დეოკუპაციაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველო 2023 წლიდან მონაწილეობს. კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგია მასპინძლობდა, ბრიუგეში 4-5 მარტს გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ბელგიის სამეფოს სენატის თავმჯდომარე სტეფანი დ’ჰომი, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაჯა ლაბიბი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ მაკალისტერი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.