საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ავსტრიის პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაციამ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გამართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ ავსტრიის პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებს, გაეცნენ სამოქალაქო განათლების მიმართულებას, სწავლების მეთოდოლოგიას და ინფრასტრუქტურას, მოინახულეს ავსტრიის პარლამენტის შენობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვიზიტორთა ახალი ცენტრი, ავსტრიის პარლამენტის ბიბლიოთეკა, ისტორიული და ახალი სხდომათა დარბაზი.
მათივე ცნობით, შედგა დელეგაციის შეხვედრა ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ადრეას მინიჰთან და დელეგაციის სხვა წევრ დეპუტატებთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და ავსტრიის პარლამენტის აპარატის უფროსმა, ჰერალდ დოსიმ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.