საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სხდომაში მონაწილეობს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავჯდომარე დავით სონღულაშვილი პრაღაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მონაწილეობენ.
COSAC-ის პლენარულ სხდომაზე ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევებზე, ევროკავშირის მომავალზე და გაფართოების პოლიტიკაზე მსჯელობენ.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს გამოწვევებზე და ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.
„მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ხელყოფის მუდმივი მცდელობისა, ქართველები ყოველთვის მტკიცედ ვიცავდით ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს ევროპულ იდენტობასა და ჩვენს ევროპულ მომავალს. საქართველომ მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ევროპელი და ტრანსატლანტიკური პარტნიორების საიმედო მოკავშირეა. ამის დასტურია ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა თუ ცენტრალურ აფრიკაში, მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას ასპირანტი ქვეყნების მიმართ.
„საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა. ევროკავშირის დიფერენცირებული პასუხი ამ განცხადებებზე, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციებისა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის ტოვებს ადგილს. ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის რეკომენდაციებს, მაგრამ ამასთანავე, არ გვაქვს ბუნდოვანების ფუფუნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსად ექნება შესაძლებლობა, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„მოველით, რომ ევროპულ გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად დავწინაურდებით და ვიმედოვნებთ, რომ ჩეხეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა მანდატის დასრულებამდე ხელს შეუწყობს ამ პროცესს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მონაწილეობს.
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) 14-15 ნოემბერს გაგრძელდება.