საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში დებატები პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ გაიმართება.

ასამბლეის წევრები, ასევე, უკრაინასა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ეუთო-ს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების სხვა გამოწვევებზე იმსჯელებენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები პლენარულ და კომიტეტების სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარე წლის 2-6 ივლისს ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.