საქართველოს პარლამენტი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
საქართველოს პარლამენტი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში, პლენარული სესიები ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტებზე, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის მათ როლზე, აგრეთვე კრიპტოვალუტისა და ბლოქჩეინების, როგორც ახალი ინსტრუმენტების საკითხებზე საუბარს დაეთმობა.
კონფერენცია პარლამენტის დეპუტატისა და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის, მარიამ ჯაშის ორგანიზებულია. ფორუმის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი პატივია, რომ წარმოადგენს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანას და რომ მიმდინარე წელს უმასპინძლა გლობალურ სამიტს. ღია მმართველობის პარტნიორობისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარეობამ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო საერთაშორისო დიალოგისთვის 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმების თაობაზე.
რატომ არის ინოვაციური დაფინანსება ასეთი არსებითი მნიშვნელობის განვითარების დღის წესრიგისთვის. როგორც მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო განვითარების სხვა მოთამაშე პირებს კარგად მოეხსენებათ, 17 მდგრადი განვითარების მიზნის წარმატებული განხორციელება გამოწვევის წინაშე დადგა არსებითი ფინანსური გარღვევის გამო – დაახლოებით 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად.
ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები უმნიშვნელოვანეს კატალიზატორებად მოგვევლინა მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად, მაშინ როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები შეზღუდულია დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში და ოფიციალური განვითარების დახმარება ასევე შეზღუდულია მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.7%-მდე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმში მონაწილეობას 150 დელეგატი იღებს, მათ შორის 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები. ფორუმის ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაერო-ს გენერალური მდივნის აპარატს.
კონფერენციას იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩები, აგრეთვე გაერო-ს წარმომადგენლობა დაესწრნენ. სიტყვით გამოვიდა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი.