საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით ხვალ უყრის კენჭს
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით ხვალ უყრის კენჭს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მიმდინარე პლენარულ კვირში პარლამენტს აქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი.
„ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში უკვე გაიმართება საბოლოო კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას. ინიცირდება პარალელურად საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაფუძნებულია ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.