საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს
საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
„საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბრის №1/415/22 ბრძანების შესაბამისად: 2022 წლის 15 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
ა) საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე; ბ) საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა (შემდგომ − კანდიდატი) განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი. მას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; გ) კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV); დ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ.
განცხადების წარდგენით კანდიდატი იძლევა თანხმობას იმაზე, რომ მოძიებულ იქნას კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და დამუშავდეს კანდიდატის პერსონალური მონაცემები „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბრის №1/415/22 ბრძანების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.