საქართველოს პარლამენტი მედიასთან ურთიერთობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
საქართველოს პარლამენტი მედიასთან ურთიერთობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას 20 მარტის დილიდან ვეღარ შეძლებენ.
საქართველოს პარლამენტში ახალ რეგულაციას კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხით ხსნიან.
„გამომდინარე იქიდან, რომ დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობაში დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ხალხი იყრის თავს, ჩვენი სურვილია, მივიღოთ ვირუსის გავრცელების პრევენციის მაქსიმალური ზომები, რათა დაცული იყოს როგორც ჟურნალისტების, ისე პარლამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობა“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა იმას არ ნიშნავს, რომ მედიას პარლამენტში მიმდინარე მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა არ ექნება.
„პარლამენტში მიმდინარე კომიტეტისა და პლენარული სხდომები, ტრადიციულად, გადაიცემა პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან, ფეისბუქგვერდიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიდან. აღნიშნული სხდომების დამატებითი კადრების გადაღებას უზრუნველყოფს პარლამენტის პრესსამსახური და მიაწვდის მედიას“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა.
მისივე განმარტებით, მედიასაშუალებებთან მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში, პარლამენტის პრესსამსახური უზრუნველყოფს მედიისთვის სასურველი დეპუტატების კომენტარების ჩაწერას და მის გავრცელებას ყველა მედიასაშუალებისთვის.
საქართველოს პარლამენტში აღნიშნავენ, რომ პრევენციის გარკვეულ ზომებს საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიმართა, როდესაც, ერთი მხრივ, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა აპარატის თანამშრომლების უმრავლესობა, ხოლო მედიას მისცა რეკომენდაცია, არ დასწრებოდა კომიტეტის სხდომებსა და პლენარულ სესიას, პარლამენტში გამოიყო შესაბამისი ადგილები, სადაც მედიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეწერა კომენტარები.
„ჩვენ მკაცრად ვიცავთ შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე და დავიცვათ შენობაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. მიუხედავად ახალი რეგულაციისა, პარლამენტი და ყველა დეპუტატი მზად არის, უპასუხოს მედიის მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას“, – განაცხადა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, მიშა ფეიქრიშვილმა.