საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუციაში მაკა ბოჭორიშვილის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა
ქალაქ ვანკუვერში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სამუშაო სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე განიხილეს ეუთო-ს არეალში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარება და მიმდინარე აქტუალური საკითხები. სიტყვით გამოსვლებისას მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს.
მან, ასევე, ისაუბრა სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, კომიტეტის რეზოლუციაში შევიდა ორი ცვლილება, რომლებიც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კონკრეტულად – ასათასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას და საქართველოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს.
რეზოლუციაში აგრეთვე აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანის აუცილებლობა.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ეუთო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეიარაღებული ძალების უპირობო და დაუყოვნებლივი გაყვანისკენ ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონებიდან; ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვის პირობებში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია კანადაში, ქალაქ ვანკუვერში 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაიმართა, სადაც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით წარდგა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.