საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ტიბორ ბენკო ესტუმრება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტიბორ ბენკოს ქართველი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
„ეს იქნება უნგრეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან.
უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.