საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა | იაპონია 2019 (ფოტო)
22:06, 11.10.2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა დღეს თავისი ბოლო მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ავსტრალიის ნაკრები იყო, რომელსაც ბოჯღალოსნები ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ.
მატჩის დიდმა ნაწილმა საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და პირველი ტაიმი ავსტრალიელებმა შვიდი ქულის სხვაობით, 10-3 მოიგეს. მეორე ტაიმში ფავორიტების უპირატესობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, თუმცა ქართველი მორაგბეები სახელოვან მეტოქეს მაინც საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ.
პირველი ტაიმის ანგარიში მე-60 წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი ავსტრალიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. საქართველოს ნაკრები ამან არ დააბნია და ათ წუთში მათაც დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე. ეს სანდრო თოდუამ გააკეთა და ანგარიში 17-8 გახდა.
თუმცა, ბოლო ათ წუთში ავსტრალიელებმა კიდევ ორჯერ აიღეს ჩვენი ჩათვლის მოედანი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 27-8.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალ მსოფლიო თასზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.